Rolex-ის შვილობილმა ბრენდმა, TUDOR-მა 2021 წელს მნიშვნელოვანი სიახლეები შემოგვთავაზა. სიახლეები ძირითადად შეეხო Diver-ის და სპორტული Chronograph-ის სტილის მოდელებს. აქ TUDOR, დროის მოთხოვნების შესაბამისად, ლეგენდარული მოდელის, Black Bay-ს სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობს, როგორც ფერების, ასევე მასალის თვალსაზრისით.
TUDOR Black Bay Chronograph
განახლდა Black Bay ქრონოგრაფიც. აქ ბრენდი გვთავაზობს ორ განსხვავებულ ვარიანტს: ე.წ. „პანდას“ (თეთრი ციფერბლატი შავი ტოტალიზატორებით) და ე.წ. „რევერსულ პანდას“ (შავი ციფერბლატით და თეთრი ტოტალიზატორებით). ტექნიკური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. მოდელის კორპუსის დიამეტრი 41 მმ-ს შეადგენს. მექანიზმად გამოყენებულია კალიბრი MT5813, რომელიც 70 საათიანი სვლის რეზერვით გამოირჩევა. ქრონოგრაფი სამი განსხვავებული სამაჯურით არის ხელმისაწვდომი: მეტალის სამაჯურით მოდელის ღირებულება 4.840,00 ევროა, შავი ნეილონის ან შავი ტყავის სამაჯურით – 4.550,00 ევრო.
TUDOR Black Bay Fifty-Eight 18 K
პოპულარული ხაზი Black Bay 58 შეივსო ოქროს კორპუსიანი და მწვანე ციფერბლატიანი მოდელით. 18 კარატიანი ოქროსგან დამზადებული კორპუსი, ოქროსფერი ინდექსები და ისრების კიდეები, ასევე ბეზელზე, 12 საათის პოზიციაზე დატანილი ოქროსფერი სამკუთხედი Black Bay-ს ახალი შტრიხებია, რაც კრიტიკას იმსახურებს.
დაივერის მოდელები, განსაკუთრებით TUDOR-ის შემთხვევაში, ყოველთვის ფუნქციონალურობით და ისტრუმენტალიზმით გამოირჩეოდნენ. განახლებული მოდელი ამ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ოქროს ლაბილური მასალა საათის ფუნქციონალურობას ამცირებს და მას ექსტპრემალური სიტუაციებისთვის გამოუსადეგარს ხდის. სხვა მხრივ, აქ არაფერი შეცვლილა: 39 მმ დიამეტრის კორპუსში მოთავსებულია მანუფაქტურული ავტომატური მექანიზმი MT5400, რომლის სვლის რეზერვი 70 საათია. მოდელის ღირებულება 16.620,00 ევროს შეადგენს.
TUDOR Black Bay Fifty-Eight 925
იგივე ითქმის მოდელზე Black Bay Fifty-Eight 925. ერთადერთი განსხვავება კორპუსის მასალასა და ფერებშია. კორპუსი დამზადებულია გაპრიალებული, 925 ტიპის ვერცხლისგან. ციფერბლატისა და ბეზელის ფერი ღია ყავისფერში არის გადაწყვეტილი. მოდელის ღირებულება 4.010,00 ევროს შეადგენს.
TUDOR Black Bay Fifty-Eight Bronze
ჩვენი განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია Black Bay-ს ბრიჯაოს მოდელმა. კორპუსი დამზადებულია გაუპრიალებელი ბრინჯაოსგან, ხოლო ქეისბექი ბრინჯაოსფერი შრით დაფარული ფოლადისგან შედგება. ბრინჯაოსგან არის დამზადებული ცალმხირვად ბრუნვადი ბეზელიც, რომელზეც ალუმინის ფირფიტაზე განლაგებული ინდექსებია წარმოდგენილი. სტანდარტისამებრ, აქაც გვაქვს საფირის შუშა და მანუფაქტურული მექანიზმი MT5601, რომელსაც ქრონომეტრის სერთიფიკატი აქვს მინიჭებული. კორპუსის დიამეტრია 43 მმ. მოდელის ღირებულება 3.870,00 ევროა.