Now Reading
უკვდავი Seiko SKX007 და სხვა თანამედროვე დაივერები 500 ევრომდე

უკვდავი Seiko SKX007 და სხვა თანამედროვე დაივერები 500 ევრომდე

ტექნიკურად გამართული, სტილისტურად გემოვნებიანი და გამძლე დაივერის შესაძენად, არ არის აუცილებელი რამდენიმე ათასი ლარის გადახდა. 300 ევრომდე ფასის რეგიონში შესაძლებელია დაივერის შეძენა არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, არამედ მანუფაქტურული კალიბრითაც კი.

მანუფაქტურული კალიბრი, ანუ მექანიზმი, რომელიც თავად ბრენდის მიერ არის საკუთარ საწარმოში შექმნილი და წარმოებული, დღესდღეობით ხარისხის ნიშნად ითვლება. დასავლური ბრენდები ასეთ მექანიზმებს რამდენიმე ათას ევროდ  აფასებენ. ვერტიკალურად ინტეგრირებული იაპონელი მწარმოებლები კი, რომლებიც უფრო ფართო საბაზრო სეგმენტებზე აკეთებენ გათვლას, მანუფაქტურულ მექანიზმებს რამდენიმე ასეულ ლარად გვთავაზობენ. მართალია, გამოყენებულ მატერიალში და წარმოების ნიუანსებში დიდი განსხვავებაა, მაგრამ ფუნქციონალური თვალსაზრისით ეს განსხვავებები შედარებით ნაკლებად იგრძნობა.

დაივერის შემთხვევაში, გამძლე მექანიზმთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საათი  გვთავაზობდეს დამატებით ფუნქციურ კომპლიკაციებს. ეს კი საკმაოდ ართულებს მოდელის იაფად წარმოებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ავარჩიეთ 3 იაპონური დაივერი, რომელთა შეძენაც 300 ევრომდე ფასის სეგმენტშია შესაძლებელი. ასევე, წარმოგიდგენთ 2 დაივერს ე.წ. მიკრობრენდებისგან, რომლებიც ფასისა და ხარისხის შესანიშნავი თანაფარდობით გამოირჩევიან.

უკვდავი Seiko SKX007/SKX009

ჩვენს პირველ რჩეულს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პროფესიონალი დაივერი. Seikos-ს მიერ ISO 6452 სდანდარტის შესაბამისად დამზადებული მოდელი მისი ისტორიითაც გამოირჩევა. SKX007-ის წინაპრად მიიჩნევა 1980-იან წლებში წარმოებული ცნობილი 6105 – ე.წ Turtle. აქ წარმოდგენილი მოდიფიკაციების SKX-ის შეძენა 1996 წლიდან გახდა შესაძლებელი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. მას საჯაროდ ატარებდნენ ცნობილი სახეები, მაგალითად, Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი. ფუნქციონალურობის და გამძლეობის გამო SKX009 გვხვდება რობერტ რედფორდის მაჯაზეც ფილმში „All is Lost“.

მოდელის ციფერბლატი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. ისრებსა და კარგად გარჩევად ინდექსებზე დატანილია „ლუმიბრაითის“ სახელით ცნობილი მანათობელი, რომელიც ხარისხით ძვირადღირებულ კონკურენტებსაც არ ჩამოუვარდება. SKX აღჭურვილია Seiko-ს წარმოების ჰარდლექსის მინერალური შუშით. ამ ტიპის შუშას, საფირთან შედარებით, რამდენიმე დადებითი თვისება აქვს: ის ნაკლებად მსხვრევადია და ნაკლებად ატარებს მზის სხივებს, რაც დროთა განმავლობაში ციფერბლატის გახუნებას უშლის ხელს. ამიტომ,  ბრენდის მიერ ჰარდლექსი მაღალფასიან დაივერებშიც გამოიყენებოდა.

უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფასად საათის შეძენისას გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწევს. მოდელის შუშასთან ერთად, შესაძლებელია უკეთესის სურვილს ტოვებდეს გამოყენებული მექანიზმიც. SKX-მოდელები აღჭურვილია ავტომატური მექანიზმით „7S26“, რომელსაც წამის გაჩერების და ხელით მომართვის ფუნქცია არ გააჩნია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული კომპლიკაციების არარსებობის გამო, მექანიზმი განსაკუთრებულად გამძლეა და გაწმენდას დიდი ხნის განმავლობაში არ საჭიროებს. 

მოდელის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო შტრიხი მისი, 4 საათიან ნიშნულთან განთავსებული, მიხრახნილი გვირგვინია. 200 მეტრამდე წყალგაუმტარი კორპუსის დიამეტრი 42,5 მმ-ია,  სიმაღლე 13 მმ, სიგრძე 46 მმ, სამაჯურის სიგანე კი 22 მმ-ს შეადგენს.

ბევრისთვის სამწუხაროდ, 2019 წელს იაპონურმა ბრენდმა  SKX-სერია წარმოებიდან ამოიღო და ის Seiko 5-ის სერიით შეცვალა. SKX-ის შეძენა, ორიგინალური შეფუთვითა და გარანტიით, სხვადასხვა ონლაინ პლათფორმაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია.  თავად ბრენდი მხოლოდ Seiko 5-ს გვთავაზობს. თუმცა, „4R36“ კალიბრით აღჭურვილი ეს ალტერნატიული მოდელი(წყალგაუმტარობა: 100მ)  პროფესიონალურ დაივერს არ წარმოადგენს.

Orient Ray II

შემდეგ რჩეულ დაივერს Seiko Epson Corporation-ის წევრი ბრენდი, Orient გვთავაზობს, რომელიც  წელიწადში დაახლოებით 1,1 მილიონ მანუფაქტურულ მექანიზმს აწარმოებს. ჩვენს კატეგაროიაში მისი ღირსეული წარმომადგენილი მეორე თაობის  Orient Ray II-ია, 200 მეტრამდე წყალგამძლე კორპუსით (Ref: FAA02005D9).

წინამორბედ მოდელთან შედარებით, Ray II-ის დიზაინერული შტრიხები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ახალ კორპუსზე მხოლოდ ერთი მოსამართი გვირგვინი გხვდება, რომელიც ორივე მხრიდანაა დაცული. მოდელის ციფერბლატი და ცალმრივად დატრიალებადი ბეზელი არ არის გადატვირთული. მისი ციფერბლატი დაფარულია მინერალური შუშით. მრგვალი ინდექსები ლუმიბრაითის წყალობით სიბნელეში კარგად გარჩევადი ხდება. საათის ფასის გათვალისწინებით, მისი ხარისხი საკმაოდ სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

რაც შეეხება მექანიზმს, Ray II ბრენდის მანუფაქტურული მექანიზმით „F6522“ არის აღჭურვილი, რომელსაც წამის გაჩერების და ხელით მომართვის ფუნქციაც გააჩნია.

მოდელის კორპუსის დიამეტრი შეადგენს 41,5 მმ-ს, სიმაღლე 13 მმ, სიგრძე 47 მმ-ს, სამაჯურის სიგანე კი – 22 მმ-ია. 

Citizen promaster (NY0040)

ტრადიციული იაპონური კომპანია Citizen 300 ევრომდე ფასის კატეგორიაში გვთავაზობს კლასიკურ  დაივერს “პრომასტერის” სერიიდან.  

პრომასტერის ამ ტიპის დაივერები, სეიკოს SKX-სერიის მსგავსად, სერთიფიცირებულია (ISO6425) და პროფესიონალი მყვინთავების მიერ ხშირად გამოიყენება. პრომასტერი 200 მეტრზე წყალგაუმტარია, აღჭურვილია მინერალური შუშით, მანუფაქტურული კალიბრით (8200), რომელსაც წამის შეჩერების და ხელით მომართვის ფუნქციაც თან ახლავს. მოსამართი გვირგვინი კორპუსს ხრახნის საშუალებით უკავშირდება. ტარებისას მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად მოსამართი გვირგვინი განთავსებულია მარცხენა მხარეს, 8 საათის ინდექსთან.

პარამეტრები: კორპუსის დიამეტრი 42 მმ, სიმაღლე 12 მმ, სიგრძე 46 მმ, სამაჯურის სიგანე: 20 მმ.

Armida A8

ტრადიციული ბრენდების გარდა, 300 ევრომდე ფასის კატეგორიაში, საინტერესო პროდუქტს გვთავაზობენ მიკრობრენდებიც. მიკრობრენდებად მოვიხსენიებთ კომპანიებს, რომლებიც პროდუქტის დიზაინს და მარკეტინგულ პროექტს ქმნიან და წარმოების აუთსორსინგს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა არმიდა, დომიცილით ჰონგ-კონგში და გერმანელი დამფუძნებლით. არმიდა აწარმოებს რამდენიმე სერიას. საათების შეძენა პირდაპირი გზით მხოლოდ არმიდას ოფიციალური საიტიდან არის შესაძლებელი. მრავალწლიანი გამოცდილების გამო არმიდა სერიოზულ კომპანიად ითვლება.

300 ევრომდე კატეგორიაში ავარჩიეთ არმიდას მოდელი A8, რომელსაც აქვს მესინგის კორპუსი. მოდელი შექმნილია ციფერბლატის სამ ფერში: შავი, მწვანე და ლურჯი. A8 არის 300 მეტრზე წყალგაუმტარი, აღჭურვილია ცალმხრივად ანტირეფლექსურად დამუშავებული, 3,3 მმ სისქის საფირის შუშით. საათი მუშაობს სეიკოს ავტომატური მართვის მექანიზმზე (NH35A, რომელიც თავად სეიკოს მოდელებში 4R35 დასახელებას ატარებს).

პატამეტრები: კორპუსის დიამეტრი 42 მმ, სიმაღლე 14,4 მმ, სიგრძე 52 მმ, სმაჯურის სიგანე 22 მმ.

Zelos Blacktip

ზელოსის დომიცილი სინგაპურშია. ეს ამბიციური მიკრობრენდი სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ყურადღება მიიპყრო საკმაოდ იაფი და მაღალი ხარისხის დაივერებით. ჩვენ ავარჩიეთ მოდელი Blacktip 41. ეს მოდელი ბევრ ფერში არსებობს, თუმცა ჩვენი ყურადღება შეჩერდა ვინტაჟური სტილის მუქ ნაცრისფერ მოდელზე.

ბლექთიპი 200 მეტრზე წყალგაუმტარია, გვირგვინი დაკავშრებულია კორპუსთან ხრახნით და აქვს კერამიკის ფენით დაფარული ბეზელი. საათს მართავს სითიზენის ავტომატური მექანიზმი (Miyota 9015) წამის გაჩერების და ხელით მომართვის ფუნქციით. ეს მექანიზმი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა და პოპულარულია საშუალო და მაღალი ფასის სეგმენტის მიკრობრენდებში.

პარამეტრები: კორპუსის დიამეტრი 41 მმ, სიმაღლე 11,5 მმ, სიგრძე 47,5 მმ. სამაჯურის სიგანე: 20 მმ.

ყველა უფლება დაცულია © watch-artisan.com