საათის მრავალი ენთუზიასტის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დაივერის სტილის მოდელს. სახელიდანაც კარგად ჩანს (Diver: მყვინთავი), ამ სტილის საათის პირველადი დანიშნულება წყლის ზემოქმედების პირობებში დროის ჩვენებაა. მაღალი წყალგამძლეობის მექანიკურ საათებს თამამად იყენებდნენ მყვინთავები წყალქვეშა მისიების დროს. დღესდღეისობით კი, დაივერების მრავალრიცხვოვან ფლობელთა შორის, იშვიათად ნახავთ ისეთს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება წყლის სპორტთან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაივერის აქტუალურობას. თუმცა, მისი პოპულარობის მიზეზების დადგენამდე, საინტერესოა გადავხედოთ დაივერის განვითარების ეტაპებს.
1927-1953 წლები: პროფესიონალური დაივერის ფესვები
პროფესიონალური დაივერის საათების ფესვების ძიებას მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მივყავართ. ჩვენ წარმოგიდგენთ ამ პერიოდის მნიშვნელოვან მოდელებსა და მოვლენებს, რომლებმაც დაივერის საათების დღევანდელი მახასიათებლების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.
Rolex: Oyster & Perpetual
ლეგენდარული Rolex ამ ისტორიაშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 1927 წელს შვეიცარიულმა ბრენდმა შექმნა პირველი წყალგაუმტარი მოდელი, რომელიც ოისტერის კორპუსით იყო აღჭურვილი. მომდევნო წელს, ინგლისელმა სტენოგრაფისტმა ქალმა, მერსედეს გლეიტცემ სწორედ ამ საათთან ერთად სცადა გიბრალტარის სრუტის გადაცურვა. Oyster-მა 15 საათიან მისიას კარგად გაუძლო, რაც მოდელის ინოვაციური ელემენტის დამსახურება გახლდათ: მოსამართი გვირგვინი ხრახნით იმგვარად იყო მიმაგრებული კორპუსზე, რომ კორპუსში წყლის შეღწევის საფრთხე მნიშვნელოვნად იზღუდებოდა.
1931 წელს Rolex-მა საათების წყალგამძლეობის მაჩვენებელი მორიგი ინოვიაციით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. საქმე ეხება ბრენდის მიერ შექმნილ ავტომატურ მექანიზმს („Rolex Perpetual“), რომელიც დღემდე ინდუსტრიულ სტანდარტს წარმოადგენს. მექანიზმი როტორის მეშვეობით ავტომატურად იმართებოდა. შედეგად, გვირგვინის ხშირად მოქმედებაში მოყვანა საჭირო აღარ ხდებოდა, აღნიშნული კი კორპუსში წყლის შეღწევის რისკს კიდევ უფრო ამცირებდა.
ვიმსის ბეზელი
1929 წელს, აშშ-ის საზღვაო ოფიცერმა და ნავიგაციის ინსტრუქტორმა, ფილიპ ვან ჰორმ ვიმსმა მბრუნავი ბეზელის დასაპატენტებლად განცხადება მოამზადა. მბრუნავი ბეზელი წუთების მონიშვნას მნიშვნელოვნად ამარტივებდა: ბეზელის 12 საათიანი ნიშნულის წუთის ისართან გასწორების მეშვეობით, მაქსიმუმ 60 წუთის ათვლა იოლად ხდებოდა შესაძლებელი. შედეგად, ვიმსის ეს აღმოჩენა ფართოდ გავრცელდა მფრინავის ტიპის საათებში, რომლებსაც სამხედრო ოპერაციების დროსაც იყენებდნენ. ამ ინსტრუმენტით იყო აღჭურვილი ისეთი ბრენდების მოდელები როგორიცაა Omega, Jaeger LeCoultre, Movado, Longines და ა.შ.. ტრადიცია გრძელდება, სწორედ ვიმსის ბეზელის ნაირსახეობებს შეამჩნევთ ბევრ თანამედროვე დაივერზე.
OMEGA
ადრეული პერიოდის წყალგამძლე საათების მიმოხილვისას გვერდს ვერ ავუვლით 1932 წელს გამოშვებულ OMEGA Marine-ს. ის გახლდათ პირველი საათი საფირის შუშით და წყლისგან დამცავი ორმაგი კორპუსით. Marine-ის კორპუსის განსაკუთრებული დიზაინი რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე დაივერებისგან. თუმცა, დღეს OMEGA მას პირველ, კომერციულად ხელმისაწვდომ დაივერად მოიხსენებს. ბრენდი ამაყობს, რომ მოდელი ბევრ პიონერ მყვინთავს უწევდა მეგზურობას სახიფათო მისიების შესრულებისას.
მომდევნო წლებში OMEGA ინდუსტრიული წარმოების ლიდერად ჩამოყალიბდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ბრიტანეთის სამხედრო ძალებს გამძლე საათებით ამარაგებდა. შესაბამისად, დაგროვილი გამოცდილება კარგად აისახა 1948 წელს გამოშვებულ Seamaster-ში. მოდელი გამოირჩეოდა წყალგამძლეობით, თუმცა, ელეგანტური დიზაინის გამო, ის დაივერულ ინსტრუმენტად არ ითვლებოდა. Seamaster-ის ხაზს სპორტული ხასიათი 1957 წლის მოდელმა შესძინა.
Panerai
1936 წელს იტალიის ფაშისტურმა რეჟიმმა საფუძველი ჩაუყარა სამხედრო მყინთავთა ბატალიონს, რომელიც 1942 წლიდან ცნობილი იყო სახელწოდებით „გამა“. ბატალიონის მყვინთავებს Panerai-ის წყალგაუმტარი საათები (Ref. 2533) ეკეთათ. ეს იტალიური კომპანია მოდელებს Rolex-ს უკვეთავდა. ცნობისთვის, თადაპირველად პანერაი იტალიურ სახედრო ძალებს ამარაგებდა არა საათებით, არამედ კომპასებით, სიღრმის საზომებით და სხვა სანავიგაციო ინსტრუმენტებით.
1953 წელი: პროფესიონალური დაივერის დაბადება
თანამედროვე ტიპის დაივერი 1953 წლიდან იღებს ისტორიულ სათავეს. ამ მხრივ, პირველობას ორი კომპანია ეცილება ერთმანეთს: Rolex და Blanpain (ბლონპა).
Rolex: Deep Sea Special & Submariner
1953 წელს შევეიცარიელმა ფიზიკოსმა და გამომგონებელმა, აუგუსტ პიკარდმა რეკორდული მისია შეასრულა. პიკარდმა შექმნა წყალქვეშა აპარატი (ბათისკაფი) სახელწოდებით Trieste, რომლის მეშვეობითაც მან წყალქვეშ 3150 მეტრზე შეძლო ჩაყვინთვა. რეკორდული მოვლენა იმითაც იყო გამორჩეული, რომ კუსტარულ წყალქვეშა ნავს გარედან მიმაგრებული ქონდა საათი – Rolex Deep Sea Special. Rolex-ს ამ გზით სურდა გამოეცადა საკუთრი ინჟინრული მიღწევები. ბრენდი იმედგაცრუენული არ დარჩენილა: როდესაც Trieste ზედაპირზე ამოვიდა, საათი ჩვეული სიზუსტით აგრძელებდა დროის ჩვენებას.
რათქმაუნდა, Deep Sea Special არასდროს გამხდარა კომერციულად ხელმისაწვდომი. სამაგიეროდ, დაივერის სტილის საათის სინონიმად ითვლება დღემდე Submariner – Ref. 6204, რომელიც Rolex-მა 1953 წელს ჩაუშვა წარმოებაში. სპორტული იერის, 100 მეტრამდე წყალგმძლე მოდელი აღჭურვილი იყო მბრუნავი ბაზელითა და ავტომატური მექანიზმით.
Blancpain
1953 წელს დღის სინათლეზე გამოდის Blancpain-ის(ბლონპა)ლეგენდარული მოდელი – Fifty Fathoms. ისევე როგორც მისი კონკურენტი (Submariner), მოდელი 100 მეტრამდე წყალგამძლეობით გამოირჩეოდა. ის ფართოდ გავრცელდა აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედრო მყინთავებს შორის. Blancpain იყო პირველი დაივერი, რომელიც ცალმხრივად მბრუნავი ბეზელით იყო აღჭურვილი. აღნიშნული ფუნქცია ყვინთვის დროს ბეზელით დროის მონიშვნის სტაბილურობას უზრუნველყოფდა. Fifty Fathoms გამოჩნდა 1956 წელს ჟან-ჟაკ კუსტოს ცნობილ დოკუმენტურ ფილმში „დუმილის სამყარო“ („Le Monde du Silence“).
Rolex-ისა და Blancpain-ის კვალდაკვალ 1950-იან წლებში ბაზარზე გამოჩნდნენ „ტუდორის“ (Tudor Sub, Ref. 6700), „ზოდიაქის“ (Zodiac Sea Wolf), „ომეგას“ (Seamaster 300 – CK 2913), „ეტერნას“, „ენიკარის“, „ებერჰარდის“ და „ბრაიტლინგის“ დაივერები.
Seiko
შვეიცარიული კომპანიების ინოვაციურ ძალას იაპონიიდანაც ერგო მხარდაჭერა. 1965 წელს Seiko-მ წარადგინა კომპანიის პირველი დაივერი, რომელიც 150 მეტრამდე იყო წყალგაუმტარი. ამას მოყვა 1975 წელს Seiko-ს მიერ მსოფლიოში პირველი, ტიტანის კორპუსიანი დაივერის წარდგენა, რომელიც 600 მეტრზე წყალგამძლეობით გამოირჩეოდა. ამ შედეგის მისაღწევად, იაპონურმა ბრენდმა ტიტანის კორპუსს დამცავი რეზინის კორპუსიც დაამატა. დღეს ეს მოდელი ცნობილია როგორც „Tuna” და Seiko-ს სხვა დაივერებთან ერთად (Turtle, Marinemaster, Sumo, Samurai) დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დაივერის სტილის საათი დღეს
რომ შევაჯამოთ, 1950-იან წლებში გამოშვებული დაივერები გამოირჩეოდნენ მბრუნავი ბეზელით, ორმაგი დამცავი რეზინით (კორპუსის ორივე მხარეს), მიხრახნილი გვირგვინით, ადვილად ამოკითხვადი ციფერბლატითა და სიბნელეში მანათობელი ინდექსებით. ჩამოთვლილი მახასიათებლები ყოველთვის აუცილებელი იყო წყლის ქვეშ დროის მოსანიშნად, შესაბამისად, დაივერის სტილის საათი მყვინთავისთვის სასიცოცხლო მნიშნელობის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. 1996 წლიდან ძალაში შევიდა ISO 6025, რომლის საშუალებითაც დაივერის მახასიათებლების სტანდარტიზაცია მოხდა.
დღეს დაივერს ატარებს არა მხოლოდ მყვინთავი, არამედ – ნებისმიერი მოყვარული ოფისში, ფორმალურ ჩაცმულობასთან ერთადაც კი. ისევე როგორც ყველა სხვა ჟანრის საათმა, დაივერმაც დაკარგა პირველადი ფუნქცია. მყვინთავები მექანიკურ საათებს წყალქვეშ პრაქტიკულად არ იყენებენ: ისინი დაივერებს იკეთებენ როგორც მყვინთავი კომპიუტერის გადამზღვევ საშუალებას. მექანიკური საათების მოყვარულებისთვის კი დაივერის უკვდავი დიზაინი იქცა მამაკაცურობის სიმბოლოდ, რის ინსპირაციასაც 1960-იანი წლების ჯეიმს ბონდის პერსონაჟები თუ სტივ მაკქვინი გვაძლევენ.