Now Reading
Top 5 ქრონოგრაფი 10.000 ევრომდე

Top 5 ქრონოგრაფი 10.000 ევრომდე

10.000 ევრომდე ქრონოგრაფების შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ: 1. ტრადიციული ბრენდი, 2. მანუფაქტურული კალიბრი, 3. მოდელის ცნობადობა და ისტორია და 4. ხარისხი. ამ კრიტერიუმებს, ჩვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილი მოდელები საუკეთესოდ აკმაყოფილებენ.

1. Tag Heuer – Monaco  

კვადრატული ფორმის Monaco 1969 წლიდან კლასიკად ითვლება. არა მხოლოდ მისი ფორმის და ფერების, რაც საათს ყველასგან გამორჩეულს ხდის, არამედ, პირველ რიგში,  მისი ისტორიის გამო. სახელწოდება Monaco მოდელმა მონაკოს „გრან პრის“ პატივსაცემად მიიღო. 1969 წელს Heuer-მა ერთერთი პირველი ავტომატური ქრონოგრაფი წარადგინა (ავტომატური ქრონოგრაფის კალიბრები იმავე წელს გამოუშვეს SEIKO-მ და Zenith-მა). მონაკოს მოდელი 1971 წელს ლეგენდარულ ლე მანის რბოლაში ამერიკელ მსახიობს სტივ მეკქვინს ეკეთა. მოდელის პოლულარიზაციას დაეხმარა შვეიცარიელი მრბოლელი ჯო ზიფერტიც. ამ ყველაფრის გამო Monaco დღემდე საკულტო ქრონოგრაფად ითვლება.

კორპუსის კვადრატული ფორმა, ლურჯ ციფერბლატზე  თეთრი და წითელი ფერების კონტრასტი, ბიკომპაქსი, ანუ ორი დამხმარე სუბციფერბლატი, რომლებსაც ასევე, კვადრატის ფორმა აქვთ, ბლოკის ტიპის ინდექსები და ქრონოგრაფის ღილაკები იმდენად ჰარმონირებენ ერთმანეთთან, რომ საათის დიზაინი სრულყოფილი და დასრულებულია. 100 მეტრზე წყალგაუმტარ კორპუსზე ორივე მხარეს საფირის შუშაა დამონტაჟებული, ანუ ქეისბექიდან მექანიზმის დანახვა შეიძლება. Tag Heuer აქ იყენებს მანუფაქტურულ მექანიზმს Heuer 02. მას 80 სააიანი სვლის რეზერვი და 28.800 ნახევარბრუნი ახასიათებს.

კორპუსის დიამეტრია 39 მმ, სისქე – 15,3 მმ, სირგძე – 47 მმ, სამაჯურის სიგანე – 22 მმ. მოდელის ღირებულება 6.400,00 ევროა.

2. IWC – Portugieser

Portugieser IWC-ს ერთერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი მოდელია. დიზაინით ის ელეგანტური ქრონოგრაფების კატეგორიაში უნდა მოვიაზროთ („Dress Chrono“). ციფერბლატის დიზაინიც შესაბამისად სადაა. თეთრ ფონზე გვაქვს ოქროსფერი ინდექსები და ვერტიკალურად განლაგებული სუბციფერბლატები. ქრონოგრაფის ცენტრალური და, ასევე, ზედა სუბციფერბლატზე განლაგებული წამზომის ისარი თერმულად არის გალურჯებული. კორპუსი 30 მეტრზე წყალგაუმტარია და ორივე მხრიდან საფირის შუშით არის აღჭურვილი. მექანიზმი არის მანუფაქტურული კალიბრი 69355. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ 194 კომპონენტისგან შედგება. სვლის რეზერვი შეადგენს 46 საათს, ხოლო ამპლიტუდა 28.800 ნახევარბრუნს საათში. მექანიზმი მორთულია ჟენევური ზოლებით.

კორპუსის დიამეტრია 41 მმ, სიმაღლე – 13 მმ, სამაჯურის სიგანე – 20 მმ. ღირებულება: 8.150,00 ევრო.

3. Zenith – El Primero Revival (03.A384.400/21.M384)

Zenith El Primero Revival ამ ჩამონათვალში ჩვენი ფავორიტია. ეს ასეა არა მხოლოდ იმის გამო, რომ Zenith (ზენიტი) პირველი შვეიცარიული მწარმოებელია, რომელმაც 1969 წელს მექანიკური ქრონოგრაფი ავტომატური მართვის რეჟიმით წარმოგვიდგინა (ამიტომ დაერქვა კალიბრს el primeri – „პირველი“).ლეგენდარულია ამ კალიბრის ისტორიაც. გადმოცემით, კვარცის კრიზისის დროს თითქმის გაკოტრენული და გასაყიდად გამზადებული კომპანიის ერთმა თანამშრომელმა, მექანიზმის საინჟინრო მონახაზები და წარმოების დანადგარები ოფისის სხვენში დამალა და ამით მყიდველი ინვესტორის მხრიდან ნოუ ჰაუს განიავებას ხელი შეუშალა.

ხარისხით ეს მექანიზმი ყველაზე ზუსტ და საუკეთესო კალიბრად ითვლება. ის იყო ქრონოგრაფებში პირველი high bit კალიბრი, რომელიც საათში 36.000 ნახევარბრუნს ავითარებს. საგულისხმოა ისიც, რომ ქრონოგრაფს წამზომის რეჟიმში მუშაობა, ისტორიაში პირველად, 12 საათის განმავლობაში შეეძლო. 1989 წლიდან 2000 წლამდე თვით Rolex იყენებდა ამ კალიბრს ლეგენდარულ Daytona-ში.

დავუბრუინდეთ ჩვენს მოდელს: ის 1969 წლის მოდელის (A384) ჰომაჟია და 2019 წელს 50 წლის თავზე, საიუბილეოდ, გამოვიდა. კორპუსის დიზაინი და ფორმა, შესაბამისად, ვინტაჟურია. კორპუსს კუთხოვანი ფორმები ახასიათებს. თეთრ ციფერბლატზე განლაგებულია სამი შავი სუბციფერბლატი (ე.წ. „პანდა“ ვერსია) და წითელი ქრონოგრაფის ცენტრალური წამი. მოდელი 50 მეტრზეა წყალგაუმტარი. გვაქვს საფირის შუშა და უმაღლესი ხარისხის მეტალის, “კიბის” დიზაინის სამაჯური. რა თქმა უნდა, მექანიზმი არის el primero კალიბრი 36.000 ნახევარბრუნით და 50 საათიანი სვლის რეზერვით.

კორპუსის დიამეტრია 37 მმ, სისქე – 12,6 მმ, სიგრძე – 47 მმ, სამაჯურის სიგანე: 18 მმ. ღირებულება: 8.300,00 ევრო.

4. Breitling – Navitimer B01

პილოტებისა და ფრენის ენთუზიასტებისთვის შეუცვლელი კლასიკაა Breitling Navitimer. მისი ისტორია 1952 წელს იწყება. სახასიათოა გადატვირთული ციფერბლატი და შიდა ბეზელი, რომლებზეც ფუნქციონალური სკალებია დატანილი. მთელი ეს ფუნქციები, თავის დროზე, პილოტებისთვის ერთგვარ მინი კომპიუტერს წარმოაგდენდა.

მისი საშუალებით შესაძლებელია სიჩქარის, ფრენის სიმაღლის და საწვავის მოცულობის გამოთვლა. შავ ციფერბლატზე გვაქვს თეთრი სუბციფერბლატები, თეთრი შიდა ბეზელი კონტრასტული ციფრებით და ქრონოგრაფის წითელი ისარი. მოდელი 50 მეტრზე წყალგაუმტარია. ქრონოგრაფი მუშაობს მანუფაქტურულ მექანიზმზე Breitling 01, 70 სათიანი სვლის რეზერვით, 47 ქვითა და 28.800 ნახევარბრუნით. ეს კალიბრი დღეს ბაზარზე ერთერთ საუკეთესო ქრონო კალიბრად ითვლება.

კორპუსის დიამეტრია 43 მმ, სისქე – 14,2 მმ, სიგრძე – 49,1 მმ, სამაჯურის სიგანე: 22 მმ. ღირებულება: 8.350,00 ევრო.

5. Omega – Speedmaster „Snoopy“ (310.32.42.50.02.001)

1970 წელს ომეგამ ნასას ასტრონავტებისგან „Silver Snoopy Award“ მიიღო, რომელიც კომპანიამ Apollo 13 იპერაციაში გამოყენებული ომეგას საათებისთვის დაიმსახურა. ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ საათს მთვარეზე: მთვარის ექსპედიციის მონაწილე ასტრონავტებს მაჯაზე Omega Speedmaster Professional ეკეთათ.

გვაქვს ტიპური, სპიდმასტერის დიზაინის კორპუსი. თუმცა, საგულისმხოა მისი უკანა მხარე: მასზე დატანილი გამოსახულება გვაჩვენებს აპოლო 13-ის ფრენის ტრაექტორიას მთვარის მიმართულებით. ეს ყველაფერი შესრულებულია საფირისა და მეტალის სიმბიოზური მასალით. ქეისბეკზე გამოსახული რაკეტა ქრონოგრაფის ფუნქციის გააქტიურებათან ერთად ბრუნვას იწყებს. ასევე ბრუნავს დედამიწის გამისახულებაც, რომელიც წუთში ერთხელ პატარა წამის ისრის რითმით მოძრაობს.  ვერცხლის ციფერბლატზე გვაქვს ლურჯი სუბციფერბლატები და ლურჯი ფენით დაფარული ინდექსები. 9 საათის პოზიციაზე განთავსებულ სუბციფერბლატს ე.წ. „სნუპი მედალიონის“ ფორმა აქვს. ტახომეტრის სკალა განლაგებულია კერამიკისგან დამზადებულ ლურჯ ბეზელზე. მოდელი 50 მეტრზე წყალგაუმტარია. მექანიზმიც კლასიკური სპიდმასტერისგან განსხვავდება: მანუფაქტურული კალიბრი 3861 აღჭურვილია ე.წ. co-axial დაბრკოლების სისტემითა და მანუალური მართვის რეჟიმით. გვაქვს 50 საათიანი სვლის რეჟიმი და ქრონომეტრის სერთიფიკატიც.

კორპუსის დიამეტრია 42 მმ, სისქე – 14,5 მმ, სიგრძე – 48 მმ, სამაჯურის სიგანე –  20 მმ. ღირებულება: 9.400,00 ევრო.


ყველა უფლება დაცულია © watch-artisan.com