მექანიკური ქრონოგრაფების ბაზარზე 6000 ევრომდე ფასის რეგიონი საშუალო ფასის კატეგორიად უნდა დავაკლასიფიციროთ. საგულისხმოა, რომ დროთა განმავლობაში, ფასის ეს სეგმენტი სულ უფრო მაღალ ნიშნულებს იპყრობს. სულ რაღაც ორიოდე წლის უკან, ამ კატეგორიას, ალბათ, „მექანიკური ქრონოგრაფები 5000 ევრომდე“ დაერქმეოდა და გაცილებით დიდი არჩევანიც გვექნებოდა. მწარმოებლების მარკეტინგულმა პოლიტიკამ და ე.წ. ფუფუნების საგნების ინფლაციამ („Asset Inflation“) ხელი მექანიკური საათების ბაზარსაც დაატყო. გთავაზობთ, 5 საუკეთესო მექანიკურ ქრონოგრაფს 6000 ევრომდე კატეგორიაში:
1. Tag Heuer – Carrera (CBN2012.FC6483)
Heuer-მა (ჰოიერი) მექანიკური ქრონოგრაფების ისტორიაში Zenith-თან და Seiko-თან ერთად წარუშლელი კვალი დატოვა. ბრენდი ერთერთი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე, დასახელებული კომპანიების კვალდაკვალ, 1969 წელს პირველი მექანიკურ ქრონოგრაფი გამოუშვა ავტომატური მომართვის რეჟიმით. იქამდე არსებული ქრონოგრაფები მხოლოდ მანუალური მომართვის ფუნქციით იყვნენ აღჭურვილები. ე.წ. „კვარცის კრიზისის“ პერიოდში ფინანსურად დაზიანებულ ბრენდს ინვესტორი გამოუჩნდა – Techniques d’Avant-Garde. მისი აბრევიატურა „TAG“ ბრენდის სამარკო ნიშანი გახდა და 1985 წლიდან მას Tag Heuer ეწოდა. Tag Heuer-ის ქრონოგრაფები (Autavia, Monaco, Carrera) ავტორბოლას და 1960 და 70-იანი წლების გიჟურ ეპოქას უკავშირდება. იმ დროს ბრენდის სახეები იყვნენ ლეგენდარული მრბოლელი და მსახიობი Steve McQueen და არანაკლებ ლეგენდარული ფორმულა 1-ის პილოტი Niki Lauda.
აქ წარმოდგენილი მოდელი Carrera ნაცრისფერი ციფერბლატით და მეტალის ინდექსებით 100 მეტრზე წყალგაუმტარია. 6 საათის პოზიციაზე გვაქვს პატარა წამის სუბციფერბლატი, 3 საათის პოზიციაზე წუთის, ხოლო 9 საათის პოზიციაზე საათების ამთვლელი წამზომი. მოდელს ორივე მხრიდან საფირის შუშა აქვს დამონტაჟებული. ასევე გვაქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. კორპუსის უკანა მხრიდან ჩანს მექანიკური კალიბრი Heuer 02, რომელიც 80 საათიან სვლის რეზერვს ავითარებს.
კორპუსის დიამეტრია 42 მმ, სისქე – 14,4 მმ, სიგრძე – 48,2 მმ, სამაჯურის სიგანე – 22 მმ. ღირებულება: 5.050,00 ევრო.
2. Tudor – Black Bay Chrono
Tudor (ტუდორი) Rolex-ის შვილობილი კომპანიაა. ბრენდმა ბოლო ათწლეულში უდიდესი პროგრესი განიცადა და მანუფაქტურული მექანიზმებითა და ახალი მოდელებით მყარად დაიმკვიდრა თავი პრესტიჟულ ბრენდებს შორის. ჩვენი აზრით, Tudor ამჟამად საუკეთესო ბრენდია პრესტიჟის, ფასისა და ხარისხის თანაფარდობის კუთხით.
აქ გთავაზობთ მიმდინარე წელს გამოსულ ახალ ქრონოგრაფს Black Bay, ანუ მის ორ განსხვავებულ ვარიანტს: ე.წ. „პანდას“ (თეთრი ციფერბლატი შავი სუბციფერბლატებით) და ე.წ. „რევერსულ პანდას“ (შავი ციფერბლატით და თეთრი სუბციფერბლატებით). ტექნიკური თვალსაზრისით, ქრონოგრაფი მყვინთავის სტილის საათია დროის მოსანიშნი მექანიკური ბეზელითა და მრგვალი, მანათობელი მასით დაფარული ინდექსებით. როგორც ქრონოგრაფის ღილაკები, ასევე გვირგვინი ჩახრახნილია კორპუსში, რაც მასში წყლის შეღწევას ართულებს. მექანიზმად გამოყენებულია კალიბრი MT5813 70 საათიანი სვლის რეზერვით.
მოდელის კორპუსის დიამეტრია 41 მმ, სისქე – 14,4 მმ, სიგრძე – 49,8 მმ, სამაჯურის სიგანე – 22 მმ.
ქრონოგრაფი სამი განსხვავებული სამაჯურით არის ხელმისაწვდომი: მეტალის სამაჯურით მოდელის ღირებულება 4.840,00 ევროა, შავი ნეილონის ან შავი ტყავის სამაჯურით – 4.550,00 ევრო.
3. Breitling – Superocean Heritage Chronograph 44
Breitling-ის (ბრაიტლინგ) ეს მოდელი, Superocean Heritage Chrono, ინსპირირებულია 1950-იანი წლების ბრაიტლინგის დაივერული მოდელების დიზაინით. აქაც გვაქვს კერამიკისგან დამზადებული დაივერის მექანიკური ბეზელი ინდექსებითა და მანათობელი მასით დაფარული სამკუთხა ნიშნულით. წყლისგან დასაცავად გვირგვინი კოპრუსშია ჩახრახნილი. გვაქვს ორხმრივად ანტირეფლექსური საფირის შუშა. მყვინთავებს მოეწონებათ კომფორტული კაუჩუკის სამაჯურიც. მოდელი მუშაობს მანუფაქტურულ მექანიზმზე Breitling 13, რომელიც 48 საათიან სვლის რეზერვს ავითარებს.
კორპუსის დიამეტრია 44 მმ, სისქე – 15,6 მმ, სიგრძე – 54,5 მმ, სამაჯურის სიგანე – 22 მმ. ღირებულება: 5.550,00 ევრო.
4. Monblanc – 1858 Monopusher Chrono
ამ ჩამონათვალში, ალბათ, ყველაზე უჩვეულო ქრონოგრაფს Monblanc (მონბლანი) გვთავაზობს. კორპუსის დიზაინი ქრონოგრაფისთვის არადამახასიათებელი და თვალშისაცემი შტრიხით გამოირჩევა, რაც საათის ტექნიკურ თვისებებზეც აისახება. კერძოდ, ტრადიციული ქრონოგრაფისგან განსხვავებით, რომლებსაც გვირგვინის ორივე მხარეს ქრონოგრაფის გასაშვები და გასანულებელი ღილაკები ახასიათებთ, აქ შემოთავაზებული მოდელი Monopusher გვრიგვინშივე ინტეგრირებული ქრონოგრაფის ღილაკით არის სახასიათო. მოდელის საერთო ხასიათი და დიზაინური შტრიხები 1940-იანი წლების სამხედრო სტილის საათებს გვახსენებენ, რასაც ვინტაჟური შეფერილობის ინდექსები და ისრებიც ეხმარება. 100 მეტრზე წყალგაუმტარ ქრონოგრაფს ფარავს გამრუდებული საფირის შუშა. ყურადღებას იქცევს ასევე ძველებური, სამხედრო სტილის ყავისფერი სამაჯური კონტრასტული, თეთრი ძაფებით. მექანიზმად გამოყენებულია კალიბრი MB 25.12 შემდეგი სპეციფიკაციებით: 28.800 ნახევარბრუნი, 48 საათიანი სვლის რეზერვი და 27 ქვა. ეს კალიბრი სტანდარტული Selitta SW 510-ის ბაზაზეა შექმნილი.
კორპუსის დიამეტრია 42 მმ, სისქე – 14,7 მმ, სამაჯურის სიგანე – 22 მმ. ღირებულება: 4.700,00 ევრო.
5. Omega – Speedmaster Professional (311.30.42.30.01.006)
დაბოლოს, რუბრიკა არასრული იქნებოდა ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ქრონოგრაფის Omega Speedmaster Professional „Moonwatch“-ის გარეშე. საათის მეტსახელი უკვე მიუთითებს მოდელის კოსმოსურ წარსულზე: ომეგას ეს ქრონოგრაფი ეკეთათ ნასას ასტრონავტებს 1969 წელს მთვარის ექსპედიციის დროს. მას შემდეგ გარეგნულ დიზაინში ბევრი არაფერი შეცვლილა. შავი ციფერბლატი თეთრი, კონტრასტული ინდექსებითა და ისრებით აიოლებს საათის ამოკითხვას ექსტრემალურ პირობებში. გვაქვს ქრონოგრაფის ცენტრალური ისარი და სამი, სიმეტრიულად განლაგებული სუბციფერბლატი. წინამორბედი მოდელისგან განსხვავებით, კორპუსის დამცავ ყალიბში ჩატანილი გვირგვინი შედარებით დიდი ზომის არის, რაც მის მოქმედებაში მოყვანას აიოლებს. მინიმალურად შეიცვალა ბეზელზე განთავსებული ტახომეტრის სკალის ინდექსები: ისტორიული წინამორბედის მსგავსად ახლა გვაქვს „dot over 90“. თვალშისაცემია განახლებული სამაჯური: ომეგამ ის მიაახლოვა სპიდმასტერის 1989-დან 1996 წლამდე წარმოებული მოდელის (Ref. 1479) სამაჯურს. სამაჯური კორპუსის ზედა მხრიდან მოყოლებული თანდათანობით 15 მმ-ის სიგანემდე ვიწროვდება. ასევე გვაქვს გარეგნულად შეცვლილი და ტექნიკურად გაუმჯობესებული სამაჯურის ჩამკეტი. მოდელი 50 მეტრზე წყალგაუმტარია. შუშის სახით გამოყენებულია გამრუდებული საფირი ტრადიციული ჰასელიტის შუშის ნაცვლად.
ომეგა აქ იყენებს მექანიკურ კალიბრს 1863. ის შექმნილია ისტორიული პენდანტის Omega 861 ბაზაზე, რაც თავის მხრივ, Lemania 1873-ის გადამუშავებული ვარიანტია. რადგან საფირის შუშის ქეისბექიდან კალიბრის ნახვა შეიძლება, ომეგამ აქ საბაზისო კალიბრი 1861 უფრო ლამაზად მორთო. მექანიზმის მანუალურად იმართება. გვაქვს 21.600 ნახევარბრუნი და 48 საათიანი სვლის რეზერვი.
კორპუსის დიამეტრია 42 მმ, სისქე – 13,75 მმ, სამაჯურის სიგანე – 20 მმ. ღირებულება: 5.700,00 ევრო.