Rolex-ი ალბათ საათების ერთადერთი ბრენდია, რომლის არსებობის შესახებაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იციან. ეს მხოლოდ ბრენდის მარკეტინგის განყოფილების დამსახურება არ არის. Rolex-ის საათების დიზაინის, ან, თუნდაც, ხარისხისა და ფასის თანაფარდობის შესახებ შეიძლება ბევრი კონტროვერსული აზრი მოვისმინოთ, მაგრამ ერთ ობიექტურ ფაქტს აღიარება სჭირდება: Rolex, არა მხოლოდ ჰორლოგერიის სფეროში, იმ იშვიათ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მოდელებისა და დიზაინის პოლიტიკაში განსაკუთრებული თანმიმდევრულობით გამოირჩევა. მის კატალოგში ნათლად ჩანს გენერალური ხაზი და საკადრისი პატივისცემა კომპანიის ტრადიციების მიმართ. ლეგენდარულმა Rolex-მა მშვენივრად იცის, თუ სად ოპერირებს დღეს და რას უნდა მიაღწიოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
წარმატების მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ Rolex დაარსების დღიდან დამოუკიდებელი, საოჯახო კომპანიაა. ბრენდს 1960 წლიდან Hans Wilsdorf Foundation ფლობს, რომელიც თავის მხრივ, კერძო საოჯახო ტრასტს წარმოადგენს. Rolex-ის აქციებს ვერ შეიძენთ საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, Rolex თავის გადაწყვეტილებებში სხვადასხვა გემოვნებისა და ფინანსური ინტერესების ინვესტორებისგან დამოუკიდებლია.
Rolex-ის ლეგენდას, რათქმაუნდა, ისტორიული და ობიექტური მიზეზები უდევს საფუძვლად: მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ბრენდმა თავისი ინოვაციებით მექანიკური მაჯის საათის ევოლუციაში წარუშლელი კვალი დატოვა.
ისტორიული სათავეები
Rolex-ის ისტორია 1905 წელს იწყება, როდესაც გერმანული წარმოშობის, 24 წლის ჰანს ვილსდორფმა, მის ნათესავთან ერთად, ლონდონში საათების კომპანია დააფუძნა. კომპანიის თავდაპირველი სახელი Wilsdorf and Davis გახლდათ. ეს ის პერიოდია, როდესაც მაჯის საათი იშვიათი ნივთი იყო. ვილსდორფი ოცნებობდა ზუსტ მაჯის საათზე, რომელიც მასიური მოხმარების საგანი უნდა გამხდარიყო. პირველ ეტაპზე მისი კომპანია პროდუქტს საკუთარი სპეციფიკაციით და დიზაინით შვეიცარიულ მწარმოებლებს უკვეთავდა.
1908 წელს ვილსდორფს გენიალური იდეა მოუვიდა: საათების კომპანიისთვის დაერქვა – Rolex. თითქმის ყველა ენაზე ადვილად წარმოსათქმელმა სახელმა ბრენდის წარმატებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. გადაჭარბების გარეშე, სხვა სახელით საათების მწარმოებელი კომპანია ვერ იქნებოდა იქ, სადაც ახლა გვევლინება. ვილსდორფი ბრენდის სახელის მოფიქრების ისტორიას ასე აღწერდა:
ვცდილობდი ანბანის ყველა მიმართულებით კომბინირებას. ამის შედეგად, ბრენდის სახელის ასეულობით კანდიდატი მივიღე, მაგრამ არც ერთით არ ვიყავი ბოლომდე კმაყოფილი. ერთ დღესაც, როდესაც ლონდონურ ომნიბუსში ვიჯექი, რაღაც ხმამ ჩამჩურჩულა: „ROLEX“!
1919 წელს ვილსდორფმა Rolex-ის დომიცილი ლონდონიდან ჟენევაში გადაიტანა და მომდევნო წელს ის ჟენევის სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა.
Rolex-ის ოქროს წლები: 1926 – 1967
Rolex-ის აღმავლობა 1926 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიამ თავისი ინოვაციური სულის კონკრეტულ მოდელებში გარდასახვა დაიწყო.
Oyster
1926 წელს Rolex-მა შექმნა პირველი წყალგაუმტარი კორპუსი, სახელწოდებით „ოისტერი“. კორპუსი ჰერმეტულად იყო დაცული წყლის შეღწევისგან. საათმა პირველ ექტრემალურ გამოცდას 1927 წელს გაუძლო, როდესაც ინგლისელმა ქალმა, მერსედეს გლეიტცემ, Rolex-თან ერთად გიბრალტარის სრუტის გადაცურვა სცადა.
1927 წელს Rolex-მა ინდუსტრიაში დაამკვიდრა დღეს მარკეტინგში კარგად აპრობირებული „ბრენდის ელჩის“ (Brand Ambassador) ფენომენი: გაზეთ „დეილი მეილში“ პირველად გამოქვეყნდა მერსედეს გლეიტცეს და მისი საათის ისტორია. მოგვიანებით, Rolex აშშ-ის პრეზიდენტებს, ცნობილ მსახიობებსა და სპორტსმენებს იყენებდა ბრენდის პოპულარიზაციისთვის.
1933 წელს Rolex-Oyster პირველად გამოიყენეს მთამსვლელებმა ევერესტის დაპყრობის ექსპედიციის დროს. საათი ამ ხიფათსაც უვნებლად გადაურჩა. გიბრალტარის და ევერესტის მოვლენებმა ბრენდს გადააწყვეტინა „ოისტერის“ პოტენციალის სხვა სპორტული მიმართულებებით გამოყენებაც. ასე გახდა სერ მალკოლმ კემბელი, იმ დროისთვის ცნობილი ავტომრბოლელი, Rolex-ის სახე. 1935 წელს კემბელმა 485 კმ/ს სიჩქარე განავითარა მაჯაზე Rolex-თან ერთად. კემბელმა ვილსდორფის კომპანიას მისწერა: „Rolex-ის საათები დიდი ხანია მაქვს და ისინი დროს ექტსრემალური დატვირთვის მიუხედავად, ძალიან ზუსტად ზომავენ.“ შემდეგ წლებში Rolex-ს ამ ყველაფერმა ფუნქციონალური, ინოვაციური და გამძლე საათების იმიჯი მიანიჭა.
Rolex Perpetual
1931 წელს შეიქმნა ისტორიაში პირველი ავტომატური მართვის მექანიკური მექანიზმი სახელწოდებით „Rolex Perpetual“. თუ ადრე მექანიზმი ყოველდღიურად ხელით უნდა მოემართათ გვირგვინის მეშვეობით, ახალი მექანიზმი, როტორის საშუალებით, ხელის ბუნებრივი მოძრაობით იღებდა კინეტიკურ ენერგიას. შესაბამისად, საათი ტარების დროს ენერგიის ამოწურვის გამო არ ჩერდებოდა. ამ გამოგონებამ საათების მთელი ინდუსტრია შეცვალა და დღესაც ინდუსტრიულ სტანდარტად რჩება.
Datejust
1945 წელს გამოჩნდა ლეგენდარული „დეიტჯასთი“ – პირველი საათი თარიღის ჩვენების კომპლიკაციით და ქრონომეტრის სერთიფიცირებით, ყვითელი ოქროს ფერში, ე.წ. ჯუბილეს სტილის მეტალის სამაჯურით. Datejust-ის დიზაინის ძირითადი მახასიათებლები დღემდე შეუცვლელია: კბილანის სტილის სტრუქტურირებული ბეზელი, რიცხვის გამადიდებელი შუშა და ჯუბილეს სტილის სამაჯური.
Submariner & Explorer
1953 წელი Rolex-ისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა. ამ წელს შეიქმნა კიდევ ორი უკვდავი მოდელი: ,,ექსპლორერი” და ,,საბმარინერი”. Explorer -ის ინსპირაცია ევერესტზე „ოისტერის“ წარმატებული პერფორმანსი გახდა. შედეგად, როლექსმა გადაწყვიტა ამ მიმართულებისთვის ცალკე მოდელი მიეძღვნა. საბმარინერი (ლინკი დაივერების სტატიაზე) ,,ბლონპა ფფ“-თან ერთად გახდა პირველი პროფესიონალური დაივერი მბრუნავი ბეზელით.
GMT Master
1950-იან წლებში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედეგების აღმოფხვრასთან და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გააქტიურდა ტრანსატლანტუკური საჰაერო ფრენები შეერთებულ შტატებთან. შედეგად, მფრინავებს უწევდათ რამდენიმე დროითი ზონის გადალახვა. მათ სჭირდებოდათ მაჯის ინსტრუმენტი საშინაო და დანიშნულების ადგილის დროის სწრაფად დასაფიქსირებლად. ეს გახდა Rolex-ისთვის მსოფლიოში პირველი ე.წ. GMT სტილის საათის შექმნის მოტივი, სახელწოდებით „ჯი ემ თი მასტერი“. საათი აჩვენებდა დამატებით ინტეგრირებული საათის ისრისა და მარკირებული ბეზელის მეშვეობით რამდენიმე დროის ზონას, რაც პილოტებისთვის პრაქტიკული იყო. ასე დაიბადა როლექსის მორიგი ლეგენდარული მოდელი.
Cosmograph Daytona
დაბოლოს, ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ Rolex Cosmograph Daytona. კონცეპციის მიხედვით, დეიტონას დანიშნულება გრძელ დისტანციაზე რბოლებისას დროის ათვლა იყო. 1963 წელს მოხდა დეიტონას პირველი პრეზენტაცია. საქმე ეხება ქრონოგრაფის ფუნქციის საათს, საშუალო სიჩქარის გასაზომი ბეზელით, წამების და წუთების მონიშვნის ფუნქციით, რომელსაც ქრონოგრაფის ცენტრალური ისარი და დამხმარე, სუბ-ციფერბლატები უზრუნველყოფენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი, ზემოთ ხსენებული მოდელებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ინოვაციებით არ გამოირჩეოდა. ბაზარზე სხვა კომპანიების ქრონოგრაფები უკვე ხელმისაწვდომი იყო.
Daytona დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი მისი დიზაინი და კომპანიის გენიალური მარკეტინგია. 1960-იანი წლების ,,დეიტონა”, რომელსაც ცნობილი მსახიობი პოლ ნიუმანი ფლობდა (ე.წ. პოლ ნიუმანის დეიტონა) დღეს მეორად ბაზრებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სანაცვლოდ არის ხელმისაწვდომი.
ROLEX-ი დღეს
თანამედროვე Rolex ტრადიციული მოდელების დიზაინის მარგინალური ცვლილებებით კმაყოფილდება. ტექნიკური თვალსაზრისით, როლექსის მექანიზმები ნელ ევოლუციას განიცდიან. მაგალითად, Submariner-ის 3130/3135 მექანიზმი, რომელიც 2001 წლიდან უცვლელად გამოიყენებოდა, 2020 წელს შეიცვალა ახალი, 3230/3235 ტიპის კალიბრით. ახალი მექანიზმი წინამორბედისგან განსხვავებით (48 საათიანი რეზერვი) 70 საათიან რეზერვით გამოირჩევა. მოდელების განახლება წლიდან წლამდე მატერიალის (თეთრი, ყვითელი და წითელი ოქრო, მეტალი, კერამიკა, პლატინა) და დიზაინის (საათების დიამეტრის შეცვლა, სამაჯურის ცვლილება ჯუბილედან ოისტერზე, ან ოისტერიდან ე.წ. პრეზიდენტის სტილზე) შეუმჩნეველი ცვლილებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია გახშირებული კრიტიკის ობიექტია.
როლექსის კრიტიკა შენელებული ინოვაციების გამო, ბიზნესის მართვის პრინციპების გადმოსახედიდან, უსამართლოა. როლექსმა, ტრადიციის, იმიჯის, მარკეტინგისა და მოდელების სწორი პოლიტიკის შედეგად გამოიმუშავა განუმეორებელი საბაზრო უპირატესობა. რატომ უნდა დაიხარჯოს უამრავი რესურსი კვლევასა და განვითარებაში, როდესაც მოდელების რაოდენობის ხელოვნურად შეზღუდვის და ფასის ცალმხრივად დადგენის შედეგად მარჟა იზრდება?! კომპანიის სპორტული მოდელები (Submariner, Seadweller, Daytona, Datejust და აშ) 914L ტიპის მეტალის კორპუსით, ოფიციალურ ფასთან შედარებით, მეორად ბაზარზე მინიმუმ 30%-ით ძვირად იყიდება. ოფიციალური კონცესიონერებისგან როლექსის ამ მოდელების შეძენა წარმოუდგენლად რთული ამოცანაა: სასურველი მოდელის მისაღებად მოგიწევთ წლების განმავლობაში ლოდინი. ამიტომ, კომპანია, ჯერჯერობით, ყველაფერს სწორად აკეთებს.