Now Reading
რატომ არ უნდა შევიძინოთ “რეპლიკა”, ანუ ყალბი მექანიკური საათი?!

რატომ არ უნდა შევიძინოთ “რეპლიკა”, ანუ ყალბი მექანიკური საათი?!

შვეიცარიის საათების ინდუსტრიის კავშირის (Schweizer Uhrenindustrieverband FH) მონაცემებით, მსოფლიოში უფრო მეტი ყალბი საათია მიმოქცევაში, ვიდრე ორიგინალი. ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ყალბი საათი ტოვებს აღმოსავლეთ აზიის არალეგალურ ქარხნებს და ვრცელდება როგორც სტაციონალური ვაჭრობის, ასევე ონლაინ-მაღაზიების მეშვებობით. შვეიცარიული საათების მთელი ინდუსტრია წელიწადში 30 მილიონ ერთეულს აწარმოებს, ხოლო ჩინური “ფეიკების” რაოდენობა ამ რიცხვს ბევრად აღემატება. ერთი შეხედვით, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საათის მწარმოებელ ბრენდებს უჩენს საფიქრალს, ისინი ხომ მილიონობით შემოსავალს კარგავენ. თუმცა, ჩვენი მიზანია, პრობლემას სხვა კუთხით შევეხოთ და განვიხილოთ თუ რა მატერიალური და რეპუტაციული რისკების წინაშე დგას ყალბი საათის პოტენციური მფლობელი.

საკითხში უკეთესად გასარკვევად მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე.  საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ “ორიგინალი”, ე.წ. “ჰომაჟი” და “რეპლიკა”. ორიგინალი მოდელი მზადდება კომპანიის მიერ, რომელსაც ამ მოდელზე დიზაინის ნიმუში, სამარკო ნიშანი და ტექნოლოგიური უფლებები ეკუთვნის. თუ იურიდიულ ნიუანსებში არ შევალთ, შეგვიძლია მარტივადაც ვთქვათ, ორიგინალი “საბმარინერი” მხოლოდ „როლექსის“ მიერ შეიძლება იყოს დამზადებული. სწორედ ეს მოდელია პლაგიატორთა  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გზა, რომლითაც სხვა კომპანიები “საბმარინერის” დიზაინს ლეგალურად იყენებენ.

ჰომაჟი vs რეპლიკა

მას შემდეგ, რაც კონკრეტული ბრენდის პოპულარულ მოდელს დიზაინის დაცვის 25 წლიანი ვადა ამოეწურება, სხვა ბრენდს სამართლებლივი შესაძლებლობა ეძლევა, ამ მოდელის იდენტური ან მასთან მიახლოებული დიზაინით აწარმოოს საკუთარი მოდელი. ის არ ცდილობს მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს, შესაბამისად, იყენებს საკუთარ სამარკო ნიშანს. მსგავს მოდელს ჰომაჟი ეწოდება. არსებობს მრავალი ბრენდი, რომელთა კატალოგში ძირითადად ჰომაჟი საათები გვხვდება. ბევრი მათგანი ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს, ინსპირაციად აღებული საათის ფასთან შედარებით ბევრად უფრო იაფად. შედეგად, მომხმარებელი არ რჩება მოტყუებული, ის ყიდულობს ვინტაჟური ან სხვა პოპულარული საათის ხარისხიან ჰომაჟს, შედარებით მისაღებ ფასად.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 200 წლის შვეიცარული ბრენდი “დავოსა”, რომელიც Davosa Ternos Sixties-ის სახით გვთავაზობს Rolex Submariner-ის ჰომაჟს. საათი, რომლის ღირებულება 738 ევროს შეადგენს, აღჭურვილია შვეიცარული მექნიზმით და საფირის შუშით.

ის, რასაც ეს სტატია ეხება, არის არა ჰომაჟი, არამედ – “რეპლიკა”, “ფეიკი” ანუ “პლაგიატი”. ირონიულია, რომ ქართულ სალაპარაკო ენაზე ყალბ პროდუქტს “პატენტად” მოიხსენიებენ ხოლმე. რეპლიკასთან გვაქვს საქმე, როდესაც არაავტორიზებული მწარმოებელი ამზადებს სხვა ბრენდის იდენტურ მოდელს, თან ისე, რომ პოპულარული ბრენდის ყველა დაცული სამარკო ნიშანი არალეგალურად დატანილია იაფასიან მოდელზე. მათი ორიგინალისგან გარჩევა შეუიარეღებელი თვალით ხშირად შეუძლებელია. რეპლიკის მიზანი ან კეთილსინდისიერი მყიდველის მოტყუება (როდესაც რეპლიკას ორიგინალის ფასად ყიდიან), ან მომხმარებლისთვის ორიგინალის ალტერნატივის დაბალ ფასად მიწოდებაა. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება ორი  სახის დანაშაულს: თაღლითობა; სხვისი სამარკო და სავაჭრო ნიშნის უნებართვოდ გამოყენება. 

როგორ მუშაობს რეპლიკების ბაზარი?

ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყალბი საათების ბაზარი ექსტრემალურად შეზღუდულია. რეპლიკების გავრცელება ლეგალური გზებით (ინტერნეტ-მაღაზია, სტაციონარული სავაჭრო ქსელები), პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩინეთიდან და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებიდან გაგზავნილი რეპლიკები საბაჟო სამსახურის მიერ საზღვარზევე კონფისცირდება და ნადგურდება. სამწუხაროდ, რეპლიკების მცირე რაოდენობა მაინც აღწევს სოციალურ მედიებისა და სხვა კერძო გზებით მომხმარებლამდე, რადგან საბაჟოებზე თითოეული მგზავრის მაჯის გაკონტროლება რთულად წარმოსადგენია.

დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოში, რეპლიკების ბაზარი ყვავის. თითქმის ყოველ მეორე მაჯაზე დაინახავთ “როლექსს”, “ომეგას”, “პანერაის”, “პატეკ ფილიპს”, “ულისე ნარდინსა” თუ “ვაშერონ კონსტანტინს”. Patek Philippe Nautilus-ის შეძენა 500 ლარად არის შესაძლებელი თბილისის რამდენიმე ცნობილ სავაჭრო ცენტრშიც კი. უფრო მეტიც, ზოგიერთ პლატფორმაზე რეპლიკების ონლაინ შესყიდვას უფრო მიმზიდველს ხდის  ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული განვადება.

“მეგობარო, ეს უბრალო პატენტი არ გეგონოს…” – რეპლიკის მფლობელი

საოცრად ირონიულია ის ფაქტია, რომ ჰორლოგერიული “ნაგავი” გვხვდება არა მხოლოდ ფინანსურად სუსტი ადამიანების მაჯაზე, არამედ მათ სიამაყით ატარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, ან სხვა ცნობადი სახე. ტიპური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, მზად აქვთ: “მეგობარო, ეს უბრალო პატენტი არ გეგონოს. ბელგიაშია დამზადებული”. ამ გზით იტყუებენ თავს და გაუცნობიერებლად მონაწილეობენ რეპლიკების კრიმინალურ ინდუსტრიაში.

რათქმაუნდა, ბელგიაში არავითარი რეპლიკების ინდუსტრია არ არსებობს. ყველა ეს “ნაკეთობა” აღმოსავლეთ აზიური ქარხნებიდან მოდის და ვირუსივით ვრცელდება. რეპლიკის ფენომენის ეთიკურ და სოციო-ფსიქოლოგიურ მხარეს თუ შევხედავთ, უნდა წარმოვიდგინოთ თავი საათების ინდუსტრიაში გარკვეული ადამიანის ადგილას. როგორ ხედავს ინფორმირებული ადამიანი რეპლიკის სხვადასხვა ტიპის მფლობელს?! დაახლოებით ასე:

  • “ტრაბახობს, რომ რეპლიკების მაგარ წყაროს მიაგნო. ფიქრობს, რომ შვეიცარული საათების ინდუსტრია “დაჰაკა”…ეჰ…”
  • “იცის, რომ 29’000 ევროიანი საათის რეპლიკა უკეთია. თუმცა, სურს ირგვლივ ყველას ჯეროდეს, რომ ორიგინალი „პატეკი“ საფრანგეთში “ბიზნეს-თრიფის” დროს შეიძინა. ის მწარე რეალობასა და სასურევლ რეალობას შორის მოძრაობს”
  • “მგონი მოატყუეს… ღირს კი მისთვის ამის თქმა?”
  • “დიზაინი მოსწონს, მაგრამ ორიგინალი საკმაოდ ძვირადღირებულია. ვერ ხვდება, რომ არსებობს ხელმისაწვდომი და სოლიდური ალტერნატივები, ანუ ცოდნა აკლია.”

ვისაც რეპლიკის მფლობელის ეს ტიპური აღწერილობა არ მოეწონა, შეუძლია, მშვიდად იყოს: რეპლიკის ტარება საჭირო არ არის. არსებობენ ტრადიციული ბრენდები, რომლებიც ხელმისაწვდომ საათებს აწარმოებენ ყველა გემოვნებისთვის. რამდენიმე ასეულ ლარად შესაძლებელია გულწრფელი და სოლიდური მოდელის შეძენა, დიდი ისტორიით და, ზოგჯერ, მანუფაქტურული მექანიზმითაც კი. რეპლიკის სერვისი ხშირად არის საჭირო (თუ საერთოდ შესაძლებელია მისი სერვისი), შესაბამისად, მის შესაძენად გადახდილი თანხა მატერიალური დანაკარგია. რეპლიკის ფლობა არა მხოლოდ კრიმინალის მხარდაჭერა და არაეთიკური საქციელია, არამედ უაზრობაა იქ, სადაც უამრავი ალტერნატივა არსებობს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

ყველა უფლება დაცულია © watch-artisan.com