ალბათ ყველას ნანახი გვაქვს სიდნი ლიუმეტის განსაკუთრებული ფილმი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“. წესით, ფილმში, რომლის მთელი მოქმედება დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრიან ვიწრო ოთახში ვითარდება, ყველაფერმა უნდა მიიქციოს ადამიანის ყურადღება, გარდა იმისა, რასაც ახლა აღვწერ: ფილმის ყურებისას, უნებლიეთ, უკლებლივ ყველა მსაჯულის მაჯას დავუწყე დაკვირვება. მიზეზი გახლდათ გასული საუკუნის 40-50-იანი წლების სტილის თეთრციფერბლატიანი, თხელი, სამისრიანი, ტყავის სამაჯურიანი, ელეგანტური მექანიკური საათები.
ეს ის ეპოქა იყო, როდესაც მაჯის საათს განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. მაჯის საათი, მისი პირველადი დანიშნულების შეაბამისად, დროის ათვლისთვის გამოიყენებოდა. თუ იმ დროინდელ ტექნოლოგიურ განვითარებას გავითვალისწინებთ, მსაჯულებს დროის აღსაქმელად სხვა უფრო პრაქტიკული ინსტუმენტი ვერ ექნებოდათ. ამ კუთხით, სიდნი ლიუმეტის ფილმის ყველა პროტაგონისტი შეგვიძლია რაციონალურ ადამიანებად დავინახოთ (ფილმის დასასრულსაც ასე შეეფერება).
დღესდღეისობით კი, როდესაც მე მზად ვარ მაჯაზე სიამოვნებით მოვირგო იმ მექანიკური საათებიდან ერთ-ერთი, რაციონალური ადამიანი მე ანაქრონისტულ არსებად ჩამთვლის. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იხდიან საათში იმაზე მეტს ვიდრე, ვთქვათ, საკუთარი “კასიოს” ილუმინატორის ციფრული მოდელი ღირს. რაციონალურ ადამიანს, რათქმაუნდა, კარგი არგუმენტებიც აქვს.
1960 წელს ტექ-კომპანია IBM უშვებს პირველ, ასე თუ ისე, მასიურად გამოყენებად კომპიუტერს. 1969 წელს “სეიკომ” შექმნა პირველი ელექტრონული საათი, რომელიც დროს იაფად და ზუსტად აჩვენებდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ადამიანთა უმრავლესობას კვარცის საათები ეკეთა. 1990-იან წლებში კვარცის საათების მფლობელებმაც, ნელნელა „ირაციონალურთა“ რიგებში გადაინაცვლეს.
2000 წლიდან დროს გვახსენებს ყველაფერი მექანიკური საათის გარდა. მათ შორისაა მობილური ტელეფონი და თითქმის ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობა: ტელევიზორი, რადიომიღები, სარეცხის მანქანა და ყავის მადუღარაც კი. თანამედროვე ადამიანს დრო “ჯიბეში უდევს”. მაჯაზე მორგებული მოწყობილობა მას დროის ამოსაკითხად აღარ უკეთია. მისთვის ჭკვიანი საათის ძირითადი ფუნქცია უფრო მესენჯერის გაკონტროლება, განვლილი დისტანციის შემოწმება, ან ფეხბურთის შედეგების ნახვაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვა: რატომ ვატარებ ტექნოლოგიურად გადატვირთულ გარემოში, ბიგ ტექის ეპოქაში, რომელშიც დრო ყველგან გვახსენებს თავს და ცხოვრება ასწრაფებულია, ისევ მექანიკურ საათს? ეს არ არის მარტივი კითხვა. რაციონალური პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს.
თუმცა, შემიძლია მარტივად ავხსნა ეს ემოციურ ზედაპირზე. მექანიკური საათი ჩემში ემოციებს აღძრავს და მაკავშირებს წარსულთან. საათის ისრის გამჭოლი და მონოტონური მოძრაობა მაჩვენებს იმას, რომ ყველა გენიალური აღმოჩენის წინაპირობა გასული საუკუნეების საინჟინრო ხელოვნებაზე და აღმოჩენებზეა დაფუძნებული. ტრადიციული საინჟინრო ხელოვნება და თანამედროვე დიზაინი შესაძლებელია ერთ პატარა ნივთში გაერთიანდეს. ყველა მექანიკური საათი, რომელსაც საათების მოყვარული ფლობს, მფლობელს აახლოვებს სხვა, მსგავსი პრეფერენციების მქონე ადამიანთან. მექანიკური საათი აიძულებს ადამიანს მოყვეს ისტორიები. ის ერთდროულად ლამაზი ობიექტი, მითების და ზღაპრების კრებული, მსგავსი მისწრაფების ადამიანებთან ურთიერთობის საბაბი და, ერთი სიტყვით, ემოციების ერთობლიობაა. შესაბამისად, ის არ არის ხელოვნებაზე მეტად „არარაციონალური“.
„არარაციონალურო“ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Watch Artisan-ის საზოგადოებაში!