დაივერების მოყვარულებს “სეიკომ” 2020 წელს სასიხარულო სიახლე შემოგვთავაზა. იაპონურმა ბრენდმა პოპულარული მოდელის “6105” ახალი ვერსიები წარადგინა. აღნიშნული მოდელი ყველაზე მეტად იმით არის ცნობილი რომ ის 1970-იანი წლების საკულტო ფილმში, “აპოკალიპსი ახლა” პროტაგონისტ კაპიტან ვილარდს ეკეთა. სწორედ აქედან მომდინარეობს მოდელის ზედმედსახელი – “კაპიტანი ვილარდი”.
სიახლეს წარმოადგენს საათის საფირის შუშა და ე.წ. DiaShield ფენით დამუშავებული კორპუსი. ასევე, აღსანიშნავია გადახალისებული ავტომატური კალიბრი “6R35”, რომლის სვლის რეზერვი 70 საათია. ახალი მოდელების კორპუსის დიამეტრი 42,88 მმ-ს შეადგენს. შედარებით დაბალი სისქე (13,2 მმ) და სიგრძე (46,6 მმ) საათს სასიამოვნო სატარებელს ხდის. ახალი თაობა შემდეგი ვარიანტებისგან შედგება:
- SPB151: შავი ვარიანტი მეტალის სამაჯურით
- SPB153: მწვანე ვარიანტი კაუჩუკის სამაჯურით
- SPB183: ლურჯი ვარიანტი მეტალის სამაჯურით; 5500 ერთეულამდე ლიმიტირებული გამოშვება
2019 წელს წარდგენილი, მაღალბიუჯეტიანი “კაპიტან ვილარდისგან” (SLA033J1) განსხვავებით, ახალი სერიის მწვანე და შავი ვარიანტები შეუზღუდავ სერიულ წარმოებაში იქნება.