Now Reading
Top 5 ელეგანტური მექანიკური საათი 1000 ევრომდე

Top 5 ელეგანტური მექანიკური საათი 1000 ევრომდე

ელეგანტური საათის (Dress Watch) ზუსტი დეფინიცია არ არსებობს. ზოგადად, მიღებულია, რომ ელეგანტური საათი უნდა იყოს კლასიკური სტილის. მას იკეთებენ სმოკინგთან, პიჯაკთან ან სხვა ბიზნეს/ფორმალურ ჩაცმულობასთან ერთად. შესაბამისად, ელეგანტური საათების შერჩევისას ჩვენ შემდეგი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ:     

  • საათის კორპუსის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 40.5 მმ-ს, სისქე – 12 მმ-ს
  • ციფერბლატის სტრუქტურა უნდა იყოს მინიმალისტური
  • სამაჯურის მატერიალი უნდა იყოს ტყავი.

აღნიშნული სპეციფიკაციები პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც მიზანშეწონილია. საათის მცირე სისქის წყალობით, მისი დამალვა პიჯაკისა და პერანგის სახელოს ქვეშ მარტივადაა შესაძლებელი. ელეგანტური საათების უპირობო კლასიკად ითვლება Patek Philippe-ის მიერ წარმოებული „კალატრავას“ კოლექციის მოდელები. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ალტერნატიულ მოდელს, რომლთა ღირებულება 1000 ევროს არ აღემატება. სია შედგენეილია ფასის ზრდადობის მიხედვით.

 Orient  Mechanical Classic (Bambino Version 2) – Ref: FER2400BW0

,,ორიენტი“, განსაკუთრებით აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ცნობილი იაპონური კომპანიაა. მისი ისტორია 1947 წლიდან იწყება. დღეს Orient „სეიკო-ეპსონის“ კონცერნის ნაწილია. მიუხედავად ამისა, კომპანია საწარმოო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და საათის მექანიზმის ყველა კომპონენტს თავად ამზადებს. შედეგად, Orient-ის პორტფელში წარმოდგენილ მოდელელთა უმრავლესობა ფასისა და ხარისხის დადებითი შეფარდებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, საათების ენთუზიასტთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ე.წ „ბამბინოს“ ხაზს.

ჩვენ შევარჩიეთ Bambino-ს მე-2 თაობის მოდელი. ამ თაობის სხვადასხვა ვარიენტებს შორის  ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად თეთრ ციფერბლატიანმა „ბამბინომ“ მიიქცია (Ref: FER2400BW0), რომელიც ოქროსფერი აქცენტებით არის დატვირთული. საათში მუშაობს „ორიენტის“ მანუფქტურული კალიბრი „48743“. Bambino 30 მეტრზე წყალგაუმტარია, რაც ელეგანტურ საათებში ინდუსტრიულ სტანდარტს შეესაბამება. ბევრისთვის კრიტიკის საგანი შეიძლება გახდეს საათის მინერალური შუშა და სამაჯურის ხარისხი. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ მოდელის ფასი. მინერალური შუშა სრულიად ნორმალურია ფასის ამ კატეგორიაში. რაც შეეხება სამაჯურს, მისი გამოცვლა ყოველთვის მარტივადაა შესაძლებელი.

საათის კორპუსის დიამეტრი შეადგენს 40 მმ-ს, სისქე – 12 მმ-ს, სიგრძე (Lug to Lug) – 46 მმ-ს, სამაჯურის სიგანე კი 21 მმ-ია. ფასი: დაახლოებით 250 ევრო.

Seiko Cocktail Time  –  Ref: SRPB43J1

„კოკტეილ თაიმის“ მოდელების ციფერბლატები შექმნილია „სეიკოსა“ და იაპონიაში ცნობილი ბარმენის, ჰისაში კიშის თანამშრომლობის შედეგად. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ციფერბლატმა შუქ-ჩრდილის ცვლილებით კოკტეილების ფერები უნდა მიიღოს. Cocktail Time-ის პირველი თაობის მოდელი (SARB065) კომპანიამ 2010 წელს წარადგინა. 2016 წელს ის ჩანაცვლდა ახალი მოდელებით, რომელთა შორისაა ჩვენ მიერ შერჩეული შემდეგი ელეგანტური საათი.

ჩვენი არჩევანი განაპირობა ციფერბლატის ღია ფერმა, რადგან ის ელეგანტური საათის კონცეფციაში უკეთ ჯდება. ციფერბლატზე მკვეთრად არის გამოკვეთილი მზის სხივების სტრუქტურა. მისი ფერი, შუქ-ჩრდილის კონტრასტის მიხედვით, თეთრიდან ღია ცისფერში გადადის. წამის ისარი ლურჯია (შეღებილი და არა თერმულად გალურჯებული).

საათს ამუშავებს „სეიკოს“ მანუფაქტურული ავტომატური მექანიზმი 4R35, რომელსაც ხელით მომართვის და წამის გაჩერების ფუნქციაც ახლავს. კორპუსის დიამეტრია 40 მმ, სისქე – 12 მმ, სიგრძე – 47 მმ, შუშა – ჰარდლექსი. საათის ღირებულება დაახლოებით 400 ევროა.

Hamilton American Classic Intra-Matic – Ref: H38455751

,,ჰემილტონი” ამერიკული წარმოშობის შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ,,სვოჩ” ჯგუფის კონცერნში საშუალო ფასის კატეგორიაშია გვევლინება. Hamilton-ის აქტუალური კატალოგი მიუთითებს იმაზე, რომ ბრენდი არ ივიწყებს მის კლასიკურ მოდელებს და ცდილობს მათ თანამედროვე სტილთან ადაპტაციას. სწორედ ამ მიდგომის წარმატებული შედეგია ჩვენ მიერ შერჩეული მოდელი – American Classic Intra-Matic (Ref. H38475751).

კარგად დაბალანსებული დიზაინი საშუალებას გვაძლევს, რომ საათი  როგორც კლასიკურ, ასევე ნაკლებად ფორმალურ ჩაცმულობასთან ერთად მოვირგოთ. მსგავს სტილში შესრულებული თარიღის ფანჯარა, ტყავის სადა სამუჯურთან ერთად, საათს უფრო თანამედროვე იერს სძენს.

თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს ასევე მოდელის ავტომატური მექანიზმი ETA 2892-2, 50 საათიანი სვლის რეზერვით. მექანიზმს მინერალური შუშა ფარავს, თუმცა, კორპუსის წინა ნაწილის შუშა საფირისგანაა დამზადებული. კორპუსის დიამეტრია 38 მმ, სისქე – 10 მმ, სიგრძე – 45 მმ. საათი წყალგაუმტარია 50 მეტრამდე. მისი შეძენა 875 ევროდ არის შესაძლებელი.  

Junghans Max Bill Automatic – Ref:27/3500.04

„იუნგჰანსი“ გერმანიაში საათების ყველაზე დიდი კომპანიაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ბაუჰაუსის ცნობილ სკოლაში (დესაუ, გერმანია) განსწავლულ დიზაინერთან, მაქს ბილთან თანამშრომლობის შედეგად, 1960-იან წლებში შეიქმნა. საქმე ეხება „იუნგჰანს მაქსბილს“.

“მაქს ბილი“, მისი სახასიათო მინიმალისტური შტრიხებით, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ამ მოდელის პირველად წარდგენის დროს. ბრენდის ახლანდელ პორთფელში მოდელის სხვადასხვა ვარიანტს შევხვდებით. თუმცა, ჩვენ აქაც ყველაზე პურისტული მოდიფიკაცია ავარჩიეთ – Ref: 27/3500.04. 

საათის ვინტაჟური ციფერბლატი ელეგანტურად გამოიყურება თანამედროვე მამაკაცის მაჯაზე. ვინტაჟური იერის შესანარჩუნებლად, გერმანულმა ბრენდმა ე.წ. „პლექსის“ შუშა გამოიყენა. რაც შეეხება მექნიზმს, Max bill-ში მუშაობს ავტომატური კალიბრი J805.1., რომელიც  ETA 2824-2-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს (სვლის რეზერვი – 38 საათი). მოდელის დიამეტრი 38 მმ-ია, სიმაღლე – 10 მმ. საათის ღირებულება 925 ევროს შეადგენს.

Longines Conquest Heritage – Ref:  L1.611.4.75.2

Swatch Group-ის ყველასათვის ცნობილი ბრენდი, მისი Heritage კოლექციის წყალობით, აქტუალურობას არ კარგავს. შეიძლება ითქვას, რომ „ლონჟინსის“ ამ კოლექციაში წარმოდგენილი მოდელები სათანადო პატივისცემას გამოხატავენ ბრენდის მდიდარი ისტორიის მიმართ. სწორედ 1950-იანი წლების სტილშია შესრულებული ჩვენი რჩეული მოდელი – Conquest Heritage (Ref: L1.611.4.75.2).

ამ ფასის კატეგორიაში, ელეგანტური საათის მოყვარულთათვის ნამდვილ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს ისტორიული მოდელის ეს ხარისხიანი რედიზაინი. მაღალი საშემსრულებლო კლასის გამოვლინებაა  მარტივი, სამისრიანი ციფერბლატი, რომელზეც, საათის ბრენდების ლოგოებს შორის, ყველაზე ძველი ლოგოა გამოსახული. საათის კორპუსის დიამეტრი 35 მმ-ს შეადგენს. თუმცა, ვიწრო ბეზელი საათს ვიზუალურად უფრო დიდად წარმოაჩენს. კორპუსის სისქე 9,9 მმ-ია, სამაჯურის სიგანე კი – 18 მმ. კორპუსის უკანა მხარეს Longines-ის საფირმო მედალიონია დატანილი, წინა მხარე კი „ჰესელიტისგან“ დამზადებული შუშით არის დაფარული.

მოდელში მოთავსებულია ავტომატურ მექანიზმი L633. აქაც საქმე გვაქვს მოდიფიკაციასთან, რომელიც ETA 2824-2-ის ბაზაზეა შექმნილი. მოდელი 30 მეტრამდე წყალგაუმტარია. Conquest Heritage-ის  შეძენა 1000 ევროს ფარგლებშია შესაძლებელი.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

ყველა უფლება დაცულია © watch-artisan.com