“ომეგამ” წარმოებაში ჩაუშვა ტრადიციული “სპიდმასტერის” (Omega Speedmaster Professional Moonwatch) ახალი თაობა, რომელიც 8 ახალი ვარიანტისგან შედგება. მათ შორის წარმოდგენილია ერთი მოდელი ოქროს კორპუსით, ერთი კი – ნეილონის სამაჯურით.
მექანიზმი
ძველი “8888” კალიბრის ნაცვლად, რომელიც ხელით მართვადი მექანიზმია და 1982 წლიდან უცვლელად გამოიყენებოდა, ახალ მოდელებში იმუშავებს კო-აქსიალური კალიბრი “3861”. შერჩეული კალიბრი ასევე ხელით მართვადია, თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით, 50 საათიანი სვლის რეზერვით გამოირჩევა.
კორპუსი და ციფერბლატი
მცირე კორექტირებები გვხვდება ახალ კორპუსთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ქრონოგრაფის ღილაკები უფრო ბრტყელია. გადიდებულია მოსამართი გვირგვინის ზომაც. ტაქომეტრიან ბეზელზე ვხედავთ ე.წ. “dot over 90”-ს.
ტრადიციისამებრ, “ომეგამ” ახალი “სპიდმასტერებიც” ორი ტიპის სპეციფიკაციით შემოგვთავაზა:
- ჰასელიტის შუშით და მეტალის ქეისბექით
- კორპუსის ორივე მხარეს საფირის შუშით და გამჭვირვალე ქეისბექით
ასევე, მცირედით განახლებულია ციფერბლატიც. “ომეგას” სურვილი, რომ ხაზი გაუსვას 1969 წლის და კოსმიური ერის მნიშვნელობას, გამოხატულია ე.წ. “Step Dial”-ის მეშვეობით. შეაბამისად, ციფერბლატის ცენტრის ზედაპირი ამაღლებულია. გარდა ამისა, ქრონოგრაფის წუთის საზომი 5 ხაზის ნაცვლად 3 ხაზს მოიცავს.
სამაჯური
შეიცვალა სამაჯურის დიზაინიც. მეტალის სამაჯურის ჩამკეტი მთლიანად სატინირებულია “სპიდმასტერის” პირველი მოდელების მსგავსად. სამაჯურის ხუთწევრიანი ელემენტების ზომაც დაკორექტირდა: შუა წევრის ზომა ოდნავ გადიდებულია. ჰასელიტის შუშიან მოდელში სამაჯურის ყველა ელემენტი სატინირებულია, ხოლო საფირისშუაშიან მოდელში განაპირა წევრების შიდა მხარე გაპრიალებული იქნება.